воскресенье, 4 марта 2018 г.
იყალთოს აკადემია
გადმოცემის თანახმად, აღორძინების ეპოქაში გამოჩენილმა ქართველმა განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა და დავით აღმაშენებელის მასწავლებელმა არსენ იყალთოელმა XI-XII საუკუნეებში მონასტერთან დააარსა აკადემია, რომელიც გეგმით წაგრძელებული შენობაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ის იყო კახელი თავადის იბად ვაჩნაძის ვაჟი. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთლიან საქართველოში. პირველი სართული ორი ოთახისგან შედგებოდა, რომლის ერთ-ერთი ოთახი სამეცნიერო შეკრებებისთვის იყო განკუთვნილი.
იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება ბერძნულიდან, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“, მის მიერაა ნათარგმნი იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, თაობიდან თაობას გადაეცემოდა არსენ იყალთოელის „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“.
იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. ლეგენდის თანახმად აქვე სწავლობდა ქართული პოეზიის მამა- შოთა რუსთაველი.დავით გარეჯი
დავითგარეჯის მონასტერი დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დაარსა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოსული “ათცამეტი ასურელი მამის” დასს ეკუთვნოდა. ის თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელსაც დავითის ლავრა ეწოდება. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომლებიც საერთო კომპლექსში შედის – ე.წ. დოდოს რქა და ნათლისმცემელი.
XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
ბოდბე
წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი აგებულია ქართველთა გამაქრისტიანებლის, წმინდა ნინოს საფლავზე IV ს-ში. ბოდბის საეპისკოპოსო V ს-ში დააარსა ვახტანგ გორგასალმა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადააკეთეს. მონასტრის გამშვენებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მეფე დემეტრე I-ს (1125-1156). ბოდბის მონასტერი ქართველმა მეფეებმა არაერთხელ აღადგინეს. XV ს-ის ბოლოდან ბოდბელი ეპისკოპოსი მეთაურობდა კახეთის სამეფოს მეწინავე სადროშოს. XVIII ს-ში ბოდბელს ექვემდებარებოდა დავითგარეჯის მონასტრებიც. მონასტრის წინამძღვარმა იოანე მაყაშვილმა XIX ს-ის 20-იან წწ-ში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთებინა და მოახატვინა, გაკეთდა კანკელი. 1837 წ. ბოდბის მონასტერი გაუქმდა. 1889 წელს კი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი (აქ მოღვაწეობდა იღუმენია დედა თამარი თამარ მარჯანიშვილი). აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. 1924 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დახურეს. 1991 წელს ბოდბეში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.მონასტერს აქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან, ხელნაწერთა მიხედვით მზადდება ახალი საღვთისმსახურო წიგნები.
ყველაწმინდა
გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“. ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე.გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
Подписаться на:
Сообщения (Atom)